"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ ირაკლი ალასანიას შეფასებით, 14 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა.
"ამ დღიდან დაიწყო კონფლიქტი აფხაზებსა და ქართველებს შორის, რომელიც წლების განმავლობაში დიდ ტრაგედიაში გადაიზარდა", - განაცხადა ალასანიამ, რომელიც საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა პატივის მისაგებად დღეს სიმბოლურად ენგურის ხიდზე მივიდა.
მისივე თქმით, ტრაგედია ერთანაირად მძიმე იყო, როგორც ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისთვის.
"რისი გაკეთებაც დღეს შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას, ეს არის ის, რომ შეუმსუბუქოს ყოფა დევნილობაში მყოფ 250 ათასზე მეტ ადამიანს, რომლებმაც ამ დიდი ტრაგედიის შემდეგ თავი უფრო დაჩაგრულად არ იგრძნონ. სამწუხაროდ, ამას არ ითვალისწინებს ჩვენი ხელისუფლება და მათ მიერ დაშვებულმა შეცდომებმა, კიდევ უფრო დააშორაქართველები და აფხაზები ერთმანეთს", - დასძინა ალასანიამ.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის აზრით, მხოლოდ დიალოგი შეუწყობს ხელს იმ დიდი პრობლემის გადაწყვეტას, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 აგვისტოს აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 19 წელი შესრულდა.