"შეხედეთ ამ ქვეყანას," - საქართველოს შესახებ სტატიას ამ სათაურით გერმანულ გამოცემა "დი ველტში" ევროკომისიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი გიუნტერ ფერჰოიგენი აქვეყნებს.
ფერჰოიგენი წერს, რომ, რუსული ეკონომიკური ბლოკადის მიუხედავად, საქართველო განვითარებას განაგრძობს, რუსეთი კი დღემდე არღვევს პრეზიდენტ სარკოზის მიერ ევროკავშირის სახელით შეთანხმებულ ცეცხლის შეწყვეტის პირობებს.
"რუსეთი არ ასრულებს მის მიერ აღებულ ვალდებულებებს. იგნორირებას უკეთებს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას", - ნათქვამია სტატიაში.
გიუნტერ ფერჰოიგენი აცხადებს, რომ საქართველოსთან მიმართებით დასავლეთის პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტები უნდა იყოს: რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, რისი დემონსტრირებაც ცოტა ხნის წინ აშშ-ს სენატმა მოახდინა, ასევე, რუსეთის მხრიდან ეკონომიკური ბლოკადის მოხსნა. ამის მიღწევის საუკეთესო შესაძლებლობად კი ყოფილი ევროკომისარი რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისაკენ სწრაფვას ასახელებს.
ფერჰოიგენს უმნიშვნელოვანეს საკითხად მიაჩნია საქართველოსთვის საიმედო ევროპული პერსპექტივის შეთავაზება. "რუსეთის ინტერესი ნათელია: მოსკოვს კავკასიის რეგიონზე სრული კონტროლის დამყარება სურს და ამიტომაც ცდილობს, რომ საქართველოს ევროპულ და ატლანტიკურ სტრუქტურებში, ანუ ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია შეაფერხოს. ამ პოლიტიკას მოსკოვი წარმატებით ახორციელებს, რადგანაც ჩვენ ამაზე თვალს ვხუჭავთ", - წერს ყოფილი ევროკომისარი და აცხადებს, რომ ევროკავშირმა უფრო მეტი უნდა გააკეთოს საქართველოსთვის, ვიდრე ამჟამად აკეთებს, მან უნდა გააქტიუროს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები საქართველოსთან.
ფერჰოიგენის აზრით, ევროკავშირმა საქართველოში განხორციელებულ შთამბეჭდავ რეფორმებს მხარი აქტიურად უნდა დაუჭიროს.