სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ბადრი ბიწაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო განაჩენს მომავალ კვირას გამოაცხადებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ბიწაძის ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა, დავიც მხარემ მოწმეების წარდგენა დაასრულა.
"ქალბატონმა ნონა გაფრინდაშვილმა გამოთქვა სურვილი, რომ ის დაკითხონ. გაფრინდაშვილის აზრით, მისი ჩვენება სასამართლოს ობიექტურ გადაწყვეტილებაში დაეხმარება. 15 აგვისტოს პროცესზე ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ ქალბატონი ნონა დაიკითხოს. დაცვის მხარის მხრიდან სხვა მოწმეთა წარდგენა დასრულებულია. განაჩენი მომავალ კვირას უნდა გამოცხადდეს", - განმარტა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ბადრი ბიწაძის საქმესთან დაკავშირებით დღეს შსს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი დაკითხა. სამუშიას განცხადებით, უტიაშვილს შეკითხვები, ძირითადად, შსს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაუსვეს.
"უტიაშვილმა რესტორან "ზღაპარში" ჩაწერილ ჩვენებასთან დაკავშირებით ადრე განაცხადა, რომ იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები, რადგან იქ შეკრებული ხალხი ძალადობრივი გზით აპირებდა ხელისუფლების შეცვლას. უტიაშვილმა დღესაც დაადასტურა, რომ ასეთი განცხადება ნამდვილად გააკეთა, თუმცა კონკრეტულად რაში ხედავდა დანაშაულს, პასუხი ვერ გამცა - უტიაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცება, რომ ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებული ადამიანები რაიმე დანაშაულის ჩადენას აპირებდა, დღეს ვერ დაადასტურა და დაამტკიცა", - განმარტა სამუშიამ.
შეგახსენებთ, რომ უტიაშვილი ჯერ კიდევ 8 აგვისტოს პროცესზე უნდა დაკითხულიყო, თუმცა სხდომაზე არ მივიდა. როგორც თავად განაცხადა, მიზეზი ის იყო, რომ სასამართლო უწყება არ მისვლია.