თბილისის საქალაქო სასამართლომ ბადრი ბიწაძის საქმესთან დაკავშირებით შსს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი დაკითხა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ბიწაძის ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა და აქვე განმარტა, რომ უტიაშვილს შეკითხვები, ძირითადად, შსს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაუსვეს.
"პირადად მე მაინტერესებდა, რა დანაშაულს ხედავდა უტიაშვილი რესტორან "ზღაპარში" ჩაწერილ საუბარში, რაზედაც მან კონკრეტული პასუხი ვერ გამცა - დანაშაულის ნიშნები ვერ დამიკონკრეტა", - განმარტა სამუშიამ.
შეგახსენებთ, რომ უტიაშვილი ჯერ კიდევ 8 აგვისტოს პროცესზე უნდა დაკითხულიყო, თუმცა სხდომაზე არ მივიდა. როგორც თავად განაცხადა, მიზეზი ის იყო, რომ სასამართლო უწყება არ მისვლია.