დიდგორობაში დღეს "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები მონაწილეობდნენ. გიორგი ახვლედიანი, ლევან ვეფხვაძე და ნიკა ლალიაშვილი თეთრიწყაროს რაიონში, დიდგორის ველზე გამართულ ღონისძიებებს დაესწრნენ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, 890 წლის წინანდელი გამარჯვება წარმატებული და ერთიანი საქართველოს სიმბოლოა.
"დიდგორი და მსგავსი დიდი გამარჯვებები მნიშვნელოვანია როგორც წარსულის ისტორიული თარიღები და ასევე მნიშვნელოვანია, როგორც მომავლის იმედის და ოპტიმიზმის საფუძველი. თუკი წარსულში შევძელით მიგვეღწია დიდი გამარჯვებებისთვის. ეს ნიშნავს, რომ მომავალიც ნათელი იქნება. ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიგოთ დიპლომატიური ომი და გავაერთიანოთ ქვეყანა" - განაცხადა ვეფხვაძემ.
გიორგი ახვლედიანის თქმით, დიდგორის გამარჯვება საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღი და ერთიანი საქართველოს პირველი გამარჯვების სიმბოლოა.
"სწორედ ჩვენმა თაობამ უნდა შეძლოს, რომ ერს დაუბრუნოს მომავალი გამარჯვებების რწმენა და დასაბამი დაუდოს ახალი, ეფექტური და ქრისტიან-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყნის მშენებლობას", - განაცხადა ახვლედიანმა.
1121 წლის 12 აგვისტოს ქართულმა ჯარმა დავით აღმაშენებლის მეთაურებით თურქ-სელჩუკები დაამარცხა. დიდგორობა სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით აღინიშნება.