დღეს, 12:00 საათზე, თელავში, სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული ტერიტორიების კვირეული გაიხსნება.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა თეა მჭედლურმა განუცხადა, კვირეულის მიზანია საქართველოს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაცია, სტუდენტთა ეკოლოგიური თვითშეგნების დონის ამაღლება და გარემოს დაცვით ღონისძიებებში ჩართვის ხელშეწყობა.
კვირეულს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი შონვაძე გახსნის. კვირეულის ფარგლებში მოეწყობა სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა კონფერენცია, სემინარები, აქციები, მოხდება ფილმების ჩვენება და ა.შ. კვირეულში მონაწილეობას ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ასევე ტურიზმის ცენტრის სტუდენტები და პროფესორ - მასწავლებლები მიიღებენ.
კონფერენციაში გამარჯვებულ სტუდენტებს ეკოტურის საგზურები და ფულადი პრიზი გადაეცემათ. კვირეული 25 დეკემბერს დაიხურება.