რუსმა სამართალდამცავებმა აჭარის ყოფილი შს მინისტრის მოადგილის, ელგუჯა ჯინჭარაძის (რემბოს) მკვლელობისათვის დაკავებულის რეალური ვინაობა დაასახელეს. ის ცნობილი ბიზნესმენის გოჩა ძასოხოვის ძმა , 37 წლის რიჩარდ ძასოხოვი აღმოჩნდა.
მკვლელობა გასული წლის სექტემბერში სასტუმრო "უკრაინასთან" მოხდა. 45 წლის ელგუჯა ჯინჭარაძე, რომელსაც აჭარაში "რემბოს" მეტსახელით იცნობდნენ, ცეხცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა.
როგორც რუსული მედია იუწყება, რუსმა სამართალდამცავებმა მკვლელის ვინაობა რამდენიმე დღეში დაადგინეს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია საჯარო არ გამხდარა.
მიმდინარე წლის 5 აგვისტოს კი რიჩარდ ძასოხოვი კრასნოდარის მხარეში დააკავეს. ამის შესახებ არსებობს საკმაოდ მწირი ინფორმაცია, ის არის ბიზნესმენის და ყოფილი სპორტსმენის გოჩა ძასოხოვის ძმა.
გოჩა ძასოხოვმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ საქართველოში ჩამოსვლაზე უარი განაცხადა, ამჟამად ის რუსეთში იმყოფება და საქართველოს ხალხთა ასამბლეის თავმჯდომარეა.
გამოძიება ჯერჯერობით არ საუბრობს ელგუჯა ჯინჭარაძის მკვლელობის მოტივზე, თუმცა არ გამოირიცხება ვერსია, რომ მკვლელობა დაგეგმილი არ იყო და ის გარდაცვლილსა და მკვლელს შორის კამათის შემედაგდ მოხდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ელგუჯა ჯინჭარაძის ძმა, მამუკა ჯინჭარაძე რამდენიმე წლის წინ ასევე მოსკოვში მოკლეს. მამუკა ჯინჭაძე და მისი მეუღლე ერთ დროს "სახალხო ბანკის" აქციონერები იყვნენ.