რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობებში არსებული "გადატვირთვა", შესაძლოა, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს. კერძოდ, ვაშინგტონი გაბრაზებულია მოსკოვიდან სულ ახლახან წამოსული მუქარის გამო - შეწყვიტოს აშშ-სთან თანამშრომლობა იმ შემთხვევაში, თუ სენატი ე.წ. მაგნიტსკის კანონს მიიღებს. აშშ-ში ასევე უკმაყოფილონი არიან რუსეთის პრემიერ მინისტრის ვლადიმერ პუტინის სიტყვების გამო ამერიკის პარაზიტირებაზე მსოფლიო ეკონომიკაში და ნატოში რუსეთს წარმომადგენლის დიმიტრი როგოზინის განცხადებებზე იმის, რომ ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა სწორედ რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული. ინფორმაციას ამის შესახებ "The Washington Times"-ი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, რუსეთის მიერ რიტორიკის გამკაცრება, შესაძლოა, ნიშნავდეს, რომ ობამას "გადატვირთვის" კურსს დიდი პრობლემები აქვს. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია შიშობს, რომ კონგრესის ზეწოლამ, შესაძლოა, ავნოს "გადატვირთვას", რომელიც ობამამ თავის "უდიდეს მიღწევად" შეაფასა.
"შესაძლოა, ობამა შთააგონა იმან, რომ რუსეთმა მისი დაბადების 50 წლის აღსანიშნავად საფოსტო მარკები გამოსცა", _ ირონიით წერს სტატიის ავტორი.
თუმცა, ამის მიუხედავად, სტატიაში ნათქვამია, რომ აშშ-ის კონგრესი რუსეთს უდიდეს შეღავათს უკეთებს იმით, რომ ე.წ. მაგნისტსკის კანონს განიხილავს. "გარედან ბიძგის მიცემის გარეშე არ შეიძლება იმედი იქონიო იმისა, რომ რუსეთში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება", _ წერს სტატიის ავტორი.