ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივნის, ნესტან კირთაძის განცხადებით, საქართველოში ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ ბრძოლა და მანქურთული პოლიტიკა უნდა დასრულდეს.
კირთაძე ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან მეფე დავით აღმაშენებლის ძეგლის "გაძევებას" აპროტესტებს და პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებას მოუწოდებს, "ენერგიული წინააღმდეგობა გაუწიოს ხელისუფლების მანქურთულ პოლიტიკას, რომელიც მოსვლისთანავე ებრძვის ყოველგვარ ქართულს, ეროვნულს, სარწმუნოებრივს, მათ შორის, აგრძელებს ბრძოლას ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ".
"სამწუხაროდ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის უკვე გვაქვს: 1.შეგინებული და ბინძური პასკვილებით შეურაცხყოფილი ქართლის დედა. (ელგუჯა ამაშუკელის ცნობილი სიმბოლური ქანდაკება). 2.რესპუბლიკის მოედნიდან "გაძევებული" დავით აღმაშენებელი და უკიდურესად შუერაცხყოფილი თანამედროვეობის დიდი მოქანდაკე - მერაბ ბერძენიშვილი. 3.ბათუმის ბულვარიდან "გაძევებული", კალთაში სავარძელჩამწვარი და შეურაცხყოფილი, აჭარის დედა-სამშობლოსთან დაბრუნების თავკაცი - მემედ აბაშიძე. 4.იმავე ბათუმის ცენტრალური მოედნიდან "გაძევებული" ილია ჭავჭავაძე. 5.აფეთებული და მსხვერპლით დასრულებული დიდების მემორიალის ნგრევა ქუთაისში და ქართული მეხსიერებიდან ჩვენი წინაპრების ფაშიზმთან და ნაციზმთან გმირული ბრძოლის ამოშლა. 6.სტალინის ძეგლის "გაძევება" გორიდან და უმისამართოდ მისი გაქრობა. 7.სულ ახლახანს დავით აღმაშენებლის "გაძევება" ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან და თბილისიდან "გასაძევებლად" გამზადებული მეფე ვახტანგ გორგასალი და მეფე ერეკლე თელავიდან", - განაცხადა კირთაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე შეფასებით, აღნიშნული ხელისუფლების მიერ ეროვნული სომბოლოების წინააღმდეგ ბრძოლას და მის მანქურთულ პოლიტიკას წარმოადგენს.
"რა არის ეს? ავადმყოფობა? მანია, ფობია, თუ ეს გახლავთ ეროვნული სომბოლოების წინააღმდეგ ბრძოლა. ეს მანქურთული პოლიტიკაა, რომელიც უნდა დავასრულოთ, ვინაიდან ჩვენი წარსული და საქართველოს ეროვნული სიმბოლოები ჩვენი ისტორია არ არის მხოლოდ. ეს ჩვენი დღევანდელობა და მომავლის პასუხისმგებლობაა", - აღნიშნა ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანმა.