საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს "არანორმალურ ვითარებად" მიაჩნია ის, რომ რუსი კოლეგა დიმიტრი მედვედევი მასზე "ძალიან ბევრს ფიქრობს".
"საქართველოს მუდმივად პრობლემები აქვს იმის გამო, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ თავისუფალი და გახსნილი, გვინდა ვცხოვრობდეთ ნორმალურად.
ხანდახან მიკვირს კიდეც, რატომ გვაქცევენ ამდენ ყურადღებას. ორი დღის წინ ტელევიზორში თვალი მოვკარი, როგორ ლაპარაკობდა ბევრად უფრო დიდი ქვეყნის პრეზიდენტი ჩვენზე (მიუხედავად იმისა, რომ ის ამდენად დიდი ქვეყნის პრეზიდენტია, რეალურად, ძალაუფლება არ აქვს ან არ მისცეს და, რეალურად, სხვა ადამიანის ჩრდილქვეშ იმყოფება). მართალია, ეს ინტერვიუ მთლიანად არც კი მინახავს - სხვაც ბევრი საქმე მაქვს, მაგრამ პრესსამსახურის თანამშრომლების თქმით, ინტერვიუ 55 წუთს გაგრძელდა და აქედან 39 წუთი მე მეძღვნებოდა. ხანდახან ვფიქრობ, ნუთუ იმაზე მეტი საქმე არ აქვს ამხელა ქვეყნის, თუნდაც, შეზღუდული ძალაუფლების მქონე ლიდერს, რომ საქართველოს პრეზიდენტზე ამდენი იფიქროს? თუკი ჩემზე 40 წუთის განმავლობაში ლაპარაკობს, ალბათ 40 დღე და 40 თვეც ექნება ნაფიქრი. ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა", - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი სააკაშვილი დიმიტრი მედვედევის მიერ რამდენიმე დღის წინ რუსი და ქართველი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუს.
ამასთან, ქვეყნის პირველი პირის თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობას ვეუბნებოდი, რომ შესაძლოა, ის საქართველოს ერთ-ერთი ბოლო ხელმძღვანელი ყოფილიყო, რომელსაც შეუძლია ესენინის, პუშკინის, ლერმონტოვის, ვისოცკის, ბროდსკის ციტირება და "თუ ასე გაგრძელდებოდა, არ იყო გამორიცხული შემდეგ პრეზიდენტებს საერთოდ აღარ ელაპარაკათ რუსულად.
"ეს ძალიან ცუდია... რა თქმა უნდა, პოლიტიკა პოლიტიკაა. ისეთი პოლიტიკა, რომლის პირობებში ჩვენი ქვეყნის ნაწილი დაკავებულია, არ განგაწყობს კარგი პოლიტიკური ურთიერთობისკენ, მაგრამ ხალხმა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაკარგოს ერთმანეთი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საქართველოს არ სურს სხვადასხვა გეოპოლიტიკური თამაშების ნაწილი იყოთ, პირადად მას კი "სიამოვნებს შენება".
"ზოგს შენება სიამოვნებს, ზოგს კი - საკუთარი დიდი არმიით სხვისი აშენებულის გადაწვა, ტანკებით გადავლა და მიწასთან გასწორება. რამდენიც არ უნდა დაგვიწვან და მიწასთან გაგვისწორონ, ჩვენ უფრო მეტს ავაშენებთ... როგორც ქართველი პოეტი ამბობს: "ცხრა ლახვარი რომ დამარტყან ცხრაჯერ გულში, მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ..."
ისიც უთქვამთ: „ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში, მაგრამ არ დამიკვნესია..."
რა თქმა უნდა, როდესაც ხედავ, რომ ამდენი უსამართლობა ხდება, შეიძლება შიგნიდან ყველაფერი გგლეჯდეს და დაიკვნესო კიდეც, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს უფლება, გავჩერდეთ, შევაჩეროთ შენება და შევწყვიტოთ ბრძოლა უკეთესი ცხოვრებისთვის", - განმარტა საქართველოს პრეზიდენტმა ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში სტუმრობისას.