15 დეკემბერს, კოპენჰაგენში კლიმატის ცვლილებების კონფერენციის პარალელურად, ორმხრივი შეხვედრების ფორმატში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ პირველი შეხვედრა გაუდაბნოებასთან ბრძოლის შესახებ კონვენციის გენერალურ მდივანთან ლუკ გნაქადჯიასთან გამართა.
შეხვედრის დროს მხარეები რამდენიმე მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. კერძოდ, კონვენცია საქართველოს მიწის დეგრადაციის თავიდან აცილების შესახებ სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და რეალიზაციის მიმართულებით დაეხმარება.
თბილისში გაუდაბნოების კონვენციის რეგიონული ოფისის გახსნის საკითხთან დაკავშირებით, კონვენციის გენერალური მდივანი ლუკ გნაქადჯია საქართველოს ეწვევა.
„დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ შესახვედრად. ჩვენთვის ძალიან მნიშვნმელოვანია კონვენცია გაუდაბნოებასთან ბრძოლის შესახებ, რადგან ჩვენს ქვეყანაში არის კონკრეტული რეგიონები, სადაც გაუდაბნოების საფრთხეა. მოხარული ვიქნებით, თუ კონვენციის რეგიონული ოფისი საქართველოში გაიხსნება. გარწმუნებთ, რომ ეს კარგი არჩევანი იქნება. დიდი სიამოვნებით ვუმასპინძლებთ შეხვედრებს, სემინარებსა და ფორუმებს კონვენციის ფარგლებში. ჩვენ მოგაწვდით იმ ინფორმაციას, რომელიც საინტერესო იქნება კონვენციისთვის", _ განაცხადა გოგა ხაჩიძემ.