საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგი კაპანაძის განცხადებით, რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში არსებობს საკითხები, რომლებზეც დათმობები შესაძლებელია.
"არ არის მართებული იმაზე საუბარი, იქნება თუ არა რამე დათმობები ჩვენი მხრიდან, რადგან მოლაპარაკებების პროცესი გულისხმობს დათმობებს ორივე მხრიდან, ხოლო კომპრომისი ყოველთვის ორხმრივია. ბუნებრივია, არის საკითხები, სადაც დათმობები შესაძლებელია", - აცხადებს კაპანაძე "სივილ-ჯისთან" ინტერვიუში.
ამასთან, მისივე თქმით, ასევე არის საკითხები, რომლებიც პრინციპულია და რომელზეც "დათმობებს ვერ გავაკეთებთ".
"ეს ჩვენი წითელი ხაზები ძალიან კარგად იცის როგორც შვეიცარიამ, ისე ჩვენმა სხვა მეგობრებმაც და რუსეთის ფედერაციამაც. ჩვენ უკვე გავაკეთეთ ერთი სერიოზული დათმობა - არ ვითხოვთ ჩვენი მებაჟეების დაყენებას ფსოუზე და როკის გვირაბზე, გვესმის რა, რომ ამ საკითხის დაყენება, თემის პოლიტიზაცია იქნება. ეს ძალიან სერიოზული კომპრომისია და იმედი გვაქვს, რომ სათანადოდ იქნება აღქმული ყველა მხარის მიერ. ეს დათმობა გავაკეთეთ იმისათვის, რომ ყველამ დაინახოს, რომ ჩვენ კონსტრუქციულები ვართ და დაინტერესებულნი ვართ რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, რა თქმა უნდა, ის აპირებს ვმო-ს პრინციპების და ნორმების გათავისებას და მათზე დამორჩილებას. შესაბამისად, ასეთი ტიპის ფუნდამენტურ დათმობას ჩვენ ვეღარ გავაკეთებთ", - განმარტავს მინისტრის მოადგილე.
ამასთან, სერგი კაპანაძის თქმით, ქართული მხარე აუცილებლად გააგრძელებს კონსტრუქციულად მონაწილეობას მოლაპარაკებებში და შეეცდება კრეატიულად მიუდგეს საკითხებს, რაც "ჩვენ და რუსეთს გვყოფს".
"საბოლოოდ, ასე შეგვიძლია სიტუაციის შეჯამება - ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა. თუ ის დაინტერესებულია ვმო-ში გაწევრიანებით, ის წავა შვეიცარიის შემოთავაზებაზე, ხოლო თუ ის არ არის დაინტერესებული - მაშინ ამ წინადადებას არ მიიღებს", - აცხადებს კაპანაძე.
რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომ მოსკოვი მზადაა მოლაპარაკებების ფარგლებში ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების საკითხი განიხილოს, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, "ემბარგოს საკითხი საერთოდ არ განიხილება".
"ემბარგოს საკითხები საერთოდ არ განიხილება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს ყველამ, რომ ჩვენ და რუსეთს შორის [ვმო-სთან დაკავშირებით] არის ერთადერთი პრობლემატური საკითხი - ეს არის საკითხი, რომელიც განხილვის საგანია თითქმის ათი წელია - ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული უკანონო ვაჭრობის და უკანონო საბაჟო ადმინისტრირების მოქცევა ვმო-ს რეგულაციების და ნორმების ფარგლებში. არანაირი ემბარგო არ განიხილება. ჩვენთვის ეს არ არის პრინციპული საკითხი სამი მიზეზის გამო.
პირველ რიგში, იმ კომპანიებმა, რომლებიც გამოდევნილი იქნენ რუსული ბაზრიდან, უკვე მოძებნეს გასაღების ახალი ბაზრები. ახლა რომ ისინი დაბრუნდნენ რუსულ ბაზარზე და რუსეთმა ისინი კვლავ გამოაგდოს, ეს მათთვის და ჩვენი ეკონომიკისთვის დამღუპველი იქნება...
მეორე მიზეზი, რატომაც ჩვენ არ განვიხილავთ ემბარგოს საკითხს, არის ის, რომ ემბარგო რუსეთის მხრიდან არის ონიშჩენკოს ბრძანებაზე დამოკიდებული (ონიშჩენკო იღებს პოლიტიკურ დაკვეთას და აჩერებს იმპორტს. აქ მოსალაპარაკებელი არაფერია. ონიშჩენკოს კეთილ ნებაზე მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს) და მესამე მიზეზი: როდესაც და თუ რუსეთი გაწევრიანდება ვმო-ში, მას მოუწევს ემბარგოს მოხსნა, რადგან შეუძლებელია ვმო-ის ერთ სახელმწიფოს ჰქონდეს ემბარგო მეორე სახელმწიფოს მიმართ პოლიტიკური მოსაზრებებით. შესაბამისად, აქ მოსალაპარაკებელი არაფერია", - განმარტავს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე.