აშშ-მა რუსეთს ვალდებულებები კიდევ ერთხელ შეახსენა. როგორც საქართველო-რუსეთის ომის სამი წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მარკ ტონერმა, განაცხადა, აშშ, რასაკვირველია, კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
"აშშ, რასაკვირველია, კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საგანგებოდ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ყველა ვალდებულება, სამხედრო ძალების კონფლიქტამდელ პოზიციებზე დაბრუნებისა და ამ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად მიწოდების პირობების შექმნის ჩათვლით", - აღნიშნა ტონერმა.
მისივე თქმით, აშშ დღესაც გამოხატავს სინანულს იმის გამო, რომ ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიას არ ეძლევა ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მუშაობის საშუალება.