საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე დიმიტრი მედვედევს სიცრუეში ამხელს. "სივილ.ჯე-სთან" ინტერვიუში კაპანაძე არ ადასტურებს მედვედევის განცხადებას, თითქოს რუსეთი მზად არის საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ტვირთების გადაადგილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს და ეს საკითხი შვეიცარიის პრეზიდენტთანაც შეათანხმა,
"რა თქმა უნდა, არავითარი მსგავსი შეთანხმება არ არსებობს. ამ ფორმით რუსეთი აფიქსირებს თავის სურვილს, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) ისე შევიდეს, რომ არ დაიცვას ვმო-ს წესები და რეგულაციები და მარტივად მოურიგდეს საქართველოს. არავითარი დამატებითი ღირებულება ასეთ სტატისტიკურ ინფორმაციას არ ექნება, და ზოგადად, დღესაც არის შესაძლებელი მსგავსი ინფორმაციის მოძიება. თუ რუსეთს მართლა ჰგონია, რომ ამგვარი ინფორმაციის მოწოდებით გავა ფონს და შევა ვმო-ში, მაშინ უბრალოდ თავს იტყუებს", - აცხადებს კაპანაძე.
ამასთან, მინისტრის მოადგილის განმარტებით, შვეიცარულმა მხარემ ივლისის რაუნდის წინ მათ შესთავაზა დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო მონიტორების განლაგებას იმ სავაჭრო კორიდორებში და საბაჟო პუნქტებზე, "რომელსაც განვიხილავთ რუსეთის ფედერაციასთან".
"შვეიცარული მხარის შემოთავაზება ასევე გულისხმობს ინფორმაციის გაცვლის საკმაოდ თანამედროვე სისტემის დანერგვას, რომელიც ძალიან შორს არის უბრალოდ სტატისტიკის გაცვლასთან. აქ საუბარია ვაჭრობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლაზე როგორც საკონტროლო გამშვები პუნქტების გადაკვეთამდე, ისე მის შემდეგ. შესაბამისად, ამ შემოთავაზების მეშვეობით შესაძლებელია განთიადი-ადლერის და როკი-ზემო ზარამაგის საკონტროლო გამშვები პუნქტების გავლით მიმდინარე ვაჭრობის კონტროლი. თუ რუსეთის ფედერაციისთვის ეს შემოთავაზება მისაღები იქნება, ის სერიოზულ ნაბიჯს გადადგამს ვმო-ში გაწევრიანებისკენ. თუ ეს შემოთავაზება მისთვის მიუღებელი იქნება, სამწუხაროდ მისთვის, მას მოუწევს ვმო-ში წევრობაზე უარის თქმა... ეს არის ერთი პაკეტის ნაწილი. მხოლოდ ამ ორი კომპონენტის ერთობლიობით შეიქმნება სისტემა, რომელიც შეძლებს საბაჟო ადმინისტრირების ტრანსპარენტულობის უზრუნველყოფას. რომელიმე კომპონენტის გარეშე სისტემა სრულფასოვანი არ იქნება, და შესაბამისად, მისი ეფექტურობაც შეზღუდული იქნება", - განმარტავს მინისტრის მოადგილე.
შეგახსენებთ, რომ ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე მოსკოვსა და თბილისს შორის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი სექტემბერში გაიმართება.