საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ეროვნულ-პოლიტიკური იმპიჩმენტის შესახებ დოკუმენტს ხელი 8 ოპოზიციურმა პარტიამ და ლევან გაჩეჩილაძემ მოაწერეს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისი ცნობით, ლეიბორტების მიერ ინიცირებული დოკუმენტის ხელმომწერი პარტიები არიან დემოკრატიული მოძრაობა, ქართული პარტია, "თავისუფალი საქართველო," მოძრაობა "თეთრები," მწვანეთა პარტია, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" და სოციალ-დემოკრატიული პარტია.
"2008 წლის ეროვნული კატასტროფიდან სამი წლისთავზე გამოკვეთილად ჩანს, რომ საქართველოს უპირველესი მტერი სააკაშვილია და სანამ ის ხელისუფლებაშია, ქვეყანას არაფერი ეშველება," - განაცხადა ნათელაშვილმა.
ლეიბორისტთა ლიდერის თქმით, სააკაშვილის ეროვნულ-პოლიტიკური იმპიჩმენტის დოკუმენტზე დანარჩენი ოპოზიციური პარტიების ხელმოწერას სექტემბრამდე დაელოდებიან.