"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" შეფასებით, აგვისტოს ომმა ხელისუფლების უპასუხისმგებლობა და უუნარობა აჩვენა.
"სამი წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან, რომლის შედეგადაც ქვეყანამ ტერიტორიების 20% დაკარგა, რომელსაც ასობით ჯარისკაცისა და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. აგვისტოს ომმა ნათლად აჩვენა ხელისუფლების უპასუხისმგებლობა და უუნარობა სწორედ გაეანალიზებინა პოლიტიკური სიტუაცია და ქვეყნისათვის ავბედით ჟამს მიეღო სწორი გადაწყვეტილება. სწორედ ხელისუფლების წყალობით დღეს, დედაქალაქიდან ოციოდე კილომეტრში რუსული ტანკები დგას და საქართველოში რუსული ბაზები დაბრუნდა", - ნათქვამია ნინო ბურჯანაძის პარტიის განცხადებაში.
ამასთან, "დემოკრატიული მოძრაობის" აზრით, 2008 წლის 8 აგვისტოს ტრაგედიამ კიდევ უფრო ჩატეხა ხიდი, რომელიც ქართველებს, აფხაზ და ოს ძმებთან აერთიანებდა, კიდევ უფრო გააღრმავა ტკივილი და წყენა, კიდევ უფრო დაგვაშორა აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრებისა და ქვეყნის ერთობლივად შენების პერსპექტივას.
"აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ჩვენ დაღუპულ ქართველ, ოს და აფხაზ ბიჭებს ერთად დავიტირებთ და ღირსეულ პატივს მივაგებთ. ჩვენ ჩვენი ერთად ყოფნით აღარასოდეს დავუშვებთ ამგვარი ტრაგედიის განმეორებას. ქართველმა, ოსმა და აფხაზმა ხალხმა ერთად უნდა გამოვნახოთ ჩვენში ძალა დავძლიოთ გაუცხოება, ვაღიაროთ დაშვებული შეცდომები, გადავდგათ ერთმანეთისკენ ნაბიჯი, შევუმსუბუქოთ ერთმანეთს ტკივილი. მხოლოდ ეს შეიძლება დაედოს საფუძვლად ჩვენს მომავალ ღირსეულ თანაცხოვრებას, მხოლოდ ასე მოვახერხებთ გავაძლიეროთ ჩვენი ხალხები და ერთობლივად ვაშენოთ ჭეშმარიტად ღირსეული და ერთიანი სახელმწიფო", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.