"სახალხო კრება" და „დემოკრატიული მორძრაობა-ერთიანი საქართველო" 26 მაისს გარდაცვლილთა ოჯახებს მიმართვას უგზავნის.
"სახალხო კრება" და „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო" კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 26 მაისს დაღუპული ადამიანების გამო, უსამძიმრებს მათი ოჯახის წევრებს და გამოხატავს მზადყოფნას ერთობლივი ძალისხმევით დადგინდეს მათი გარდაცვალების რეალური მიზეზი. შსს-ს მიერ გავრცელებული ცნობილი ვიდეო კადრები, იმის შესახებ თითქოსდა ნინო ბურჯანაძის ექსკორტმა იმსხვერპლა ორი ადამიანის, მათ შორის ერთი პოლიციელის ვლადიმერ მანსურაშვილის სიცოცხლე, გააბათილა ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნამ. აღნიშნულ ვიდეოკადრებზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად ნინო ბურჯანაძის ექსკორტის მიერ ადამაინთან, ან რაიმე უცხო სხეულთან ავტომობილის შეჯახება არ ფიქსირდება. ჩვენ რა თქმა უნდა თავიდანვე ვიცოდით, რომ ექსკორტის მანქანებს არავის სიცოცხლე არ უმსხვერპლია, თუმცა შეგნებულად ველოდებოდით ექსპერტიზის დასკვნას, როგორც ოფიციალურ დოკუმენტს, რომ საბოლოოდ გამორიცხულიყო ექსკორტის ავტომანქანების კავშირი ამ ტრაგედიასთან", - ნათქვამია მიმართვაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ კრება და „დემოკრატიული მოძრაობა" ყველა ღონეს მიმართავს, რათა 26 მაისს დატრიალებული ტრაგედია ბოლომდე იქნას გამოძიებული.
"არც ერთი ადამიანი, თუ მას მართლა მიუძღვის რაიმე დანაშაული, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს იმისდა მიუხედავად, თუ რომელი მხარის წარმომადგენელია იგი. თუმც, ასევე ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ უდანაშაულო ადამიანი არ დაისაჯოს.
მოგმართავთ ოჯახის წევრებს, ჩვენ მზად ვართ თქვენთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლოთ სიმართლის დასადგენად, რომ საბოლოოდ გაირკევეს, თუ როდის და რა ვითარებაში დაიღუპნენ თქვენი ოჯახის წევრები", - აღნიშნულია განცხადებაში.