ლეიბორისტული პარტია ფეხბურთელ კახი კალაძისთვის მისი პირადი ქონების _ "არსენალ სითის" შესაძლო ჩამორთმევას დაუშვებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ კალაძე მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო ისჯება.
"ეს არის პირდაპირი, მორიგი დასჯა ამჯერად კახი კალაძისა და მისთვის 18 მილიონის წართმევის საბაბი. ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ იმის გამო, რომ ცნობილი ფეხბურთელის პოლიტიკური შეხედულებები ამ ხელისუფლებისათვის მისაღები არ არის. ჩვენ კიდე ერთხელ ვაპროტესტებთ ხელისუფლების ექსპროპრიაციების ცნობილ პოლიტიკას და მივმართავთ მიხეილ სააკაშვილს: _ შეწყვიტოს ბოლშევიკური პრაქიკა და ამ ქვეყანაში მოქმედება შერჩევითი სამართლის მიხედვით და ქართველების დაყოფა მომხრეებად და მტრებად", - პარტიის ეს განცხადება ჟურნალისტებს "ლეიბორისტების" საერთაშორისო მდივანმა ნესტან კირთაძემ გააცნო.
აღნიშნულ კონტექსტში, კირთაძემ ხელისუფლებას მიმართა, რათა განაახლოს ხელოვნურად შეწყვეტილი მოლაპარაკებები კალაძესთან და, შესაბამისად, განაახლოს ცნობილი ფეხბურთელის მიერ საქართველოში 700 მილიონიანი ინვესტიციის შესაძლებლობის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს 25 ათასი კაცის დასაქმებას და რომლის სრულად განხორციელებას თავის დროზე აგვისტოს ომმა და შექმნილმა ფორსმაჟორმა შეუშალა ხელი.
"სავარაუდოდ, ფეხბურთელის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ხელისუფლებასთან ხელოვნურად შექმნილი ეს დავა ლონდონის საარბიტრაჟოO სასამართლოში გადაინაცვლებს, რაც, რასაკვირველია, მორგი მძიმე მაგალითი აღმოჩნდება ყველა იმ ინვესტორისთვის, ვინც საქართველში ინვესტირებას დაგეგმავს. ლეიბორისტული პარტია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ცნობილი ფეხბურთელის, კახი კალაძის ბიზნეს-ინიციატივების განცორხიელებას საქართელოში. ინფორმაცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გადაეგზავნება საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებსა და მისიებს და გავრცელდება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში", - აღნიშნა კირთაძემ.