პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე ოფიციალური დიალოგის შეთავაზებაზე პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი საკუთარ უარს „სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულით" ხსნის.
„მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაული რუსეთის ფედერაციისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ, მისი ბრძანებით მოკლული იქნა ასობით ჩვენი მოქალაქე მშვიდობისმყოფელების ჩათვლით. ამას მე არასოდეს ვაპატიებ და ამიტომაც მე მასთან არ ვიურთიერთობებ, მიუხედავად იმისა, რომ ის პერიოდულად ცდილობს თვალის ჩაკვრას სხვადასხვა საერთაშორისო კორიდორში და ა.შ", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, სხვებთან ურთიერთობის პრობლემა არ არსებობს, ნებისმიერ თემაზე და ნებისმიერ ჩარჩოებში, საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსის ფორმატში, რომელიც ჩამოყალიბებულია რეგიონში და „ჩემთვის ძალიან რთული იმ გადაწყვეტილებების ფარგლებში, რომლებიც მე მივიღე".
"ჩემთვის ის არის ფიგურა, რომელსაც ხელს ვერ ჩამოვართმევ. მე მესმის, რომ ის საქართველოს კანონიერად არჩეული პრეზიდენტია. მხოლოდ ქართველ ხალხს შეუძლია მისი შეფასებები და მისთვის ვერდიქტის გამოტანა. ნებისმიერ შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ ერთში - ადრე თუ გვიან, მიხეილ სააკაშვილი არ იქნება საქართველოს პრეზიდენტი, რადგან ასეთია პოლიტიკური ცხოვრების კანონები. ამ შემთხვევაში ახალ პრეზიდენტს, ვინც არ უნდა იყოს ის, შეექმნება შესაძლებლობა დაამყაროს ნორმალური, პროდუქტიული ურთიერთობები რუსეთთან. უფრო მეტიც, მე ახლავე მინდა ვთქვა, ჩემთვის პირადად ძალიან მტკივნეულია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არ არის ნორმალური ურთიერთობები, რადგან ჩვენ ძალიან ახლო ქვეყნები და ახლო ხალხები ვართ. რომ არა ეს იდიოტური ავანტიურა, თვით ასეთი რთული პროცესიც, რომელიც ხდებოდა მაშინ, შეიძლებოდა გაჭიმულიყო კიდევ წლების განმავლობაში და ბოლოს შესაძლებელი იყო მისი გაყვანა მისაღებ, ყველასთვის - როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებისთვის, გადაწყვეტილებამდე. სწორედ ამას არ ვაპატიებ მას არასოდეს და მე მიმაჩნია, რომ შეფასება მას ქართველმა ხალხმა უნდა მისცეს და ეს გააკეთოს დემოკრატიული წესებით. მასზე საუბრის დასრულებისას მინდა ვთქვა ერთი რამ - ის ჩემი მადლიერი უნდა იყოს, იმისთვის, რომ რაღაც მომენტში მე გავაჩერე ჯარები. ისინი რომ თბილისში შესულიყვნენ, ახლა საქართველოში სხვა პრეზიდენტი იქნებოდა.