"საქართველოს შესახებ აშშ-ის სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია გაფუჭებულ და გადაღეჭილ ფირფიტას ჰგავს", _ აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ალექსანდრე ლუკაშევიჩი აშშ-ის სენატის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის კომენტირებისას.
"სენატის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია გაფუჭებული და გადაღეჭილი ფირფიტის შთაბეჭდილებას ქმნის. მასში მრავლადაა კლიშეები თითქოს "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევისა", რომლებიც უკვე ბოლო სამი წელია ვაშინგტონიდან გვესმის. რა თქმა უნდა ყურადღების გარეშე არ არის დატოვებული თემა ე.წ. "ოკუპაციის" შესახებაც. არაერთგზის მიგვიცია ახსნა-განმარტება აღნიშნული ტერმინის ამ კონტექსტში გამოყენების აბსურდულობასთან დაკავშირებით", _ აცხადებს ლუკაშევიჩი და აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფება არც ერთი რუსი სამხედრო.
"რეგიონში არის რუსული სამხედრო კონტიგენტები, მაგრამ ისინი იმყოფებიან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე - რუსეთის სააკაშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული სამხედრო დამნაშავეობრივი ავანტიურის შედეგად აღიარებული სახელმწიფოების ტერიტორიებზე. ისინი იქ სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების საფუძველზე იმყოფებიან", _ აცხადებს ლუკაშევიჩი.
მისი თქმით, მტკიცებას იმის შესახებ, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოკუპირებული ტერიტორიებია რუსეთის ფედერაციის მიერ, აბსოლუტურად უსაფუძვლოა.
"ამერიკელი სენატორების მიერ გაკეთებული განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით ან უწიგნურობის დასტურია საერთაშორისო სამართლის საკითხში, ან სრული უგულ
ვებელყოფისა რეალური ფაქტებისა. თუმცა მსგავსი განცხადებები საერთოდ უწყინარი როდია. ისინი კვებავენ თბილისის პოლიტიკისთვის დამახასიათებელ რევანშისტულ განწყობილებებს და აქეზებენ ქართული მხარის სურვილის არქონას, სოხუმსა და ცხინვალთან, როგორც თანასწორებთან, ისე ისაუბრონ. არადა, სწორედ ასეთ დიალოგშია მშვიდობისაკენ გასაღები რეგიონში - კარგი იქნება, თუკი ეს ემახსოვრებათ, მათ შორის ამერიკელ სენატორებსაც", _ აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი.