პარლამენტში საარჩევნო კოდექსის დახვეწაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებს „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერმა გურამ ჩახვაძემ განუცხადა, მასზე კონკრეტული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული, თუმცა საუბარი შეეხება იმას, თუ რა ვადებში უნდა მიეცეს მიღწეულ შეთანხმებას კანონპროექტის სახე.
„მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს საკანონმდებლო ასახვა იმ შეთანხმების, რასაც მივაღწიეთ. ჩვენ, პრაქტიკულად, უნდა გადავხედოთ საარჩევნო კოდექსს და ახალი საარჩევნო კოდექსი დავწეროთ", - აღნიშნა ჩახვაძემ.
გარდა ამისა, საუბარი შეეხება მედიამონიტორინგის ჯგუფის დაკომპლექტებას და სიების გადამოწმების კომისიის შექმას, მათ სტატუსებს, უფლებამოსილებებს და ა.შ.
მმართველ გუნდსა და ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას შორის მიღწეულ შეთანხმებებს კანონპროექტის სახე, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისისთვის მიეცემა.
დღევანდელ შეხვედრას საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.