"ამომრჩეველთა ზუსტი და სანდო სიების შესაქმნელად ხელისუფლების პოლიტიკური ნება არ გააჩნია", - ამის შესახებ პოლიტიკური „ექვსეულის" განცხადებაშია ნათქვამი.
„ექვსეული" მმართველ გუნდს „ტყუილში" კიდევ ერთხელ ამხელს და აცხადებს, რომ არჩევნების ბიომეტრიული პასპორტებით ჩატარება იმაზე გაცილებით იაფი ჯდება, რაც ხელისუფლებამ დაასახელა.
„საბოლოოდ დადასტურდა, რომ ამომრჩეველთა სიის შედგენა ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციისა და ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე, მოითხოვს არა ასეულ მილიონობით დოლარის დანახარჯებს და რამდენიმე წელს, როგორც ამას ხელისუფლება ამტკიცებდა, არამედ მაქსიმუმ 8 მილიონ დოლარს და 4-6 თვეს. კონკრეტული წინადადებები დაამუშავა კომპანია "სმართ მატიკმა", რომლის წარმომადგენლებიც სპეციალურად ამ მიზნით იყვნენ ჩამოსულები საქართველოში. მათი გათვლები ეფუძნება როგორც სხვა ქვეყნებში განხორციელებული ანალოგიური პროექტების გამოცდილებას, ისე ქართულ რეალობას", - ნათქვამია განცხადებაში.
„ექვსეულის" ინფორმაციით, ბიომეტრიული მონაცემებით, ამომრჩეველთა რეგისტრაციას სჭირდება 10-ჯერ ნაკლები თანხა და 5-ჯერ ნაკლები დრო.
„ხელისუფლებამ დღეიდან უკვე დაიწყო ბიომეტრიული მონაცემებით ახალი პირადობის მოწმობების გაცემა. ამასთან, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკური კონსესუსის მისაღწევად, იგი დათანხმდა ოპოზიციის შეთავაზებას პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდის თაობაზე, რაც არასწორად მიაჩნდა. აქედან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ არც ხელისუფლებას და არც რომელიმე ოპოზიციურ პარტიას აღარ რჩებათ არგუმენტები, რომ უარი თქვან ბიომეტრიული მონაცემების გამოყენებით ამომრჩეველთა წინასწარ რეგისტრაციაზე. შესაბამისად, ამ საკითხზე ფართო პოლიტიკური კონსესუსის მიღწევას, ხელი შეიძლება შეუშალოს მხოლოდ ერთადერთმა მიზეზმა - ამომრჩეველთა ზუსტი და სანდო სიების შესაქმნელად ხელისუფლების პოლიტიკური ნების არარსებობამ", - აღნიშნულია განცხადებაში.