გარემოს გაუმჯობესების თაობაზე მმართველ გუნდსა და „რვიანიდან" გასულ პოლიტიკურ პარტიებს - „ახალ მემარჯვენეებსა" და „ქრისტიან-დემოკრატებს" შორის მორიგი შეხვედრა ხვალ, 1-ელ აგვისტოს გაიმართება.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" „მემარჯვენეებში" განუცხადეს, შეხვედრაში, რომელიც პარლამენტში, 14:00 საათზე დაიწყება, საკითხზე მომუშავე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე ხელისუფლებასა და რვა ოპოზიციურ პარტიას შორის მოლაპარაკებები გასული წლის ნოემბერში დაიწყო. ივნისში მმართველმა გუნდმა „რვიანის" მიერ შეთავაზებულ წინადადებებს ალტერნატიული წინადადებებით უპასუხა, რაც მისაღები მხოლოდ „ახლებისა" და „ქრისტიან-დემოკრატებისთვის" აღმოჩნდა. ცვლილებებით, დეპუტატების რაოდენობა 150-დან 190-მდე გაიზრდება.