"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი აშშ-ს სენატის რეზოლუციას მნიშვნელოვანს უწოდებს და აცხადებს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებად აღიარება საერთაშორისო თანამეგობრობისთვის დროული გზავნილია.
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონფლიქტის მოგვარების კონტექსტში სამშვიდობო პოლიტიკაზე ხაზგასმა. მიგვაჩნია, რომ დეოკუპაციის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ მშვიდობიანი გზითაა შესაძლებელი და ამ მხრივ ჩვენი მთავარი პარტნიორი ქვეყნის ორპარტიული მხარდაჭერა ამ გზის უალტერნატივობაზე მიუთითებს. ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ მეზობელი ქვეყნის ხელისუფლებაც ადეკვატურად აღიქვამს სენატის რეზოლუციას და არჩევანი - იზოლაციონიზმსა და თანამშრომლობის, კომპრომისების პოლიტიკას შორის, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გაკეთდება" - აცხადებს გიორგი თარგამაძე.
შეგახსენებთ, რომ შშ-ის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის ავტორები აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა ევროპის საკითხების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ჯინ შაჰინი და სენატორი ლინდსი გრაჰამი არიან.
"სენატი ადასტურებს შეერთებული შტატების პოლიტიკას, მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის საზღვრების ხელშეუხებლობას. აშშ აღიარებს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონებია. სენატი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წელს საქართველო-რუსეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების ყველა პუნქტისა და პირობის შესასრულებლად, მათ შორის, დააბრუნოს სამხედრო ძალები ომამდელ პოზიციებზე და უზრუნველყოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების შესვლა", - ნათქვამია რეზოლუციაში.
ამავე რეზოლუციით, სენატი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას და იმ პირებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებს აკონტროლებენ, უფლება მისცენ იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს სრულად და ღირსეულად დაბრუნდნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე. აგრეთვე დაუშვან ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო მისიები.
"შეერთებული შტატები მხარს უჭერს მშვიდობიან, კონსტრუქციულ და ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ქმედებებს საქართველოს მთავრობასა და იმ ძალებს შორის, რომლებიც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს აკონტროლებენ. სენატი მხარს უჭერს ადამიანებს შორის დამატებით, უშუალო კონტაქტებს. სენატი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზების პოვნა შეერთებული შტატების უმთავრესი პრიორიტეტია კავკასიის რეგიონში. გრძელვადიანი სტაბილურობის მიღწევა შესაძლოა მხოლოდ მშვიდობიანი საშუალებებით და დიპლომატიურ და პოლიტიკურ ძალებს შორის ხანგრძლივი დიალოგით", - ნათქვამია რეზოლუციაში.