რამდენიმე წუთის წინ, ლაგოდეხის რაიონის სოფელ მაწიმის მცხოვრებლებმა სასმელი წყლის მოთხოვნით, ლაგოდეხის საბაჟოსთან საქართველო-აზერბაიჯანის ავტომაგისტრალი გადაკეტეს.
როგორც აქციის მონაწილეებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოფელ მაწიმის სასმელი წყლის მომარაგებისათვის 120 ათასი ლარი დახარჯა, თუმცა სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა. მაწიმის მოსახლეობა დღემდე სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი იტყობინება, აქციის მონაწილეებს ავტომაგისტრალის გახსნას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები სთხოვენ, თუმცა მოსახლეობა პიკეტირების შეწყვეტაზე უარს ამბობს. ადგილზე უკვე მობილიზებულები არიან საპატრულო პოლიციისა და შს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები.