დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში მცხოვრებმა 75 წლის მარიამ ჯანაშვილმა 2010 წელს მუნიციპალიტეტის გამგეობას თხოვნით მიმართა, რომ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით საკრებულოს დახმარების სახით გამოეყო 500 ლარის ოდენობით თანხა, რომელიც აუცილებელი იყო მისი სახლის შესაკეთებლად.
"სამწუხაროდ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა მისი თხოვნა. ჯანაშვილის სახლი კიდევ უფრო დაზიანდა და შეუძლებელი გახდა იქ ცხოვრება. შედეგად 75 წლის ქალბატონი ღია ცის ქვეშ დარჩა და სხვადასხვა ნათესავებთან უწევს ცხოვრება", - განაცხადა "თავისუფალი საქართველო"-ს დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამილა გურაშვილმა.
მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი უსახსრობას სულაც არ უჩივის, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მუცნიციპალიტეტის „მამამთავარი" ლევან ბაღაშვილი ხელგაშლილობას მხოლოდ საკუთარი ნათესავებისა და მეგობრების მიმართ იჩენს - გასულ წელს გამგებელმა ბაღაშვილმა საკუთარ ნათესავს ავთანდილ ბაღაშვილს 2010 წლის 7 მაისის № 252 ბრძანების საფუძველზე საკუთარი სახლის ფასადური შეკეთებისთვის გამოუყო 6 000 ლარი. დახმარების გასაწევთა სიაში ასევე "აღმოჩნდა" მისი ახლო ნათესავი დავით ბაღაშვილიც.
პარტია "თავისუფალი საქართველო"-ს დედოფლისწყაროს ორგანიზაცია მიმართავს შესაბამის ორგანოებს, რათა შესწავლილ იქნას საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ბაღაშვილის საქმიანობა.