თურქეთში 17 ქართველი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების ასაყვანად სპეცოპერაცია ტრაბზონსა და რამდენიმე სოფელში ჩატარდა. დაკავებულები არალეგალები არიან.
ბრალდება სპეციალური უფლების გარეშე ქვეყანაში მუშაობას ეხება. სამართალდამცველებმა ის პირიც აიყვანეს, რომელსაც არალეგალები ჰყავდა დასაქმებული.
დაკავებულები უკვე დაკითხეს. საქართველოს მოქალაქეები ჯერჯერობით საკანში არიან მოთავსებული. მათი დეპორტაციის საკითხი სასამართლომ უნდა განიხილოს.