„თავისუფალი საქართელო" დღეიდან იწყებს კონსულტაციებს ქართველ ბიზნესმენებთან, ექსპერტებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან, რათა უმოკლეს ვადებში მომზადდეს ქართული მხარის შენიშვნები ზ/ა დოკუმენტებზე, რაც საბოლოო შეთანხმების საფუძველი უნდა გახდეს.
"ჩვენი პრიორიტეტია, მოსავლის აღებამდე გადაწყდეს ყველა არსებული პრობლემა, რათა შემოდგომაზე გლეხებმა ისარგებლონ პროდუქციაზე გაზრდილი საექსპორტო ფასებით. მივმართავთ ხელისუფლების წარმომადგენლებს - საგარეო საქმეთა მინისტრს, ეკონომიკის მინისტრს და ბიზნეს ომბუდსმენს, რომლებმაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული მოსაზრებები გამოთქვეს, ჩაერთონ კონსულტაციებში და ხელი შეუწყონ ქართული ეკონომიკისთვის სასიცოხლო მნიშვნელობის საკითხის გადაწყვეტას", - აცხადებს პარტიის თავმჯდომარე კახა კუკავა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პრესამსახურიდან აცნობეს, „თავისუფალი საქართველო"-ს ინიციატივით, რამდენიმე კვირის წინ რუსეთის ფედერაციაში დაიწყო კონსულტაციები საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის განახლების შესახებ.
პრესამსახურის ინფორმაციით, "თავისუფალი საქართველო" პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს იმ სამართლებრივ დოკუმენტებს, რომელთა მიხედვითაც მოხდება საექსპორტო ოპერაციების განხორციელება.
მათივე ცნობით, უახლოესი რამდენიმე დღის მანძილზე დამატებით გამოქვეყნებული იქნება ყველა ის დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებულია ქართული პროდუქციის ექსპორტთან.