ოპოზიციურ ექვსიანში შემავალ პარტიებს პარლამენტის დეპუტატების რაოდენობის გაზრდის საკითხი არასდროს დაუყენებიათ. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა და ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავჯდომარემ გიორგი ცაგარეიშვილმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
"სააკაშვილი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდა ძირითადი ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნა იყო. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ არასდროს "თავისუფალ დემოკრატებს" მსგავს შეთანხმებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. იგივე შემიძლია ვთქვა ექვსიანში შემავალ დანარჩენ პარტიებზეც. თუ ამგვარი რამ არსებობდა, იქნებ ხელისუფლებამ ან გზააბნეულმა ოპოზიციამ წარმოადგინოს", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
მისივე შეფასებით, პრეზიდენტ სააკაშვილს ოპოზიცია თავისი თანაგუნდელებისგან ვერ გაურჩევია და თუ ის ვინმეს რამეზე გაურიგდა ეს მმართველი პარტიის და ფსევდოპოზიციის პრობლემაა.
"რაც შეეხება "ქრისტიან-დემოკრატებს" და "ახალ მემარჯვენეებს" ისინი რაზე გაურიგდნენ და რის ფასად ხელისუფლებას ეს ძალიან მალე გამოჩნდება პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას. 40 მანდატი ეს ერთგვარი ფეშქაშია იმ პარტიებისთვის , რომელთა არსებობა სააკაშვილის გარეშე შეუძლებელია", - მიაჩნია ოპოზიციონერ დეპუტატს.
ცაგარეიშვილის თქმით, ხელისუფლებასთან გარიგებულმა ოპოზიციამ საკმაოდ პრიმიტიული გათვლა გააკეთა და ჰგონიათ, რომ "ჩაყრილი ხმების" შემდეგ მომავალ პარლამენტში რამდენიმე მანდატი მაინც შეხვდებათ.