საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აზრით, ქართული რეფორმები რეგიონის ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი ბრენდია.
"საქართველო განვითარების ძალზე საინტერესო ეტაპზეა. ომისა და მეზობელი ქვეყნის მიერ ჩვენი ტეროტირიის ოკუპაციის მიუხედავად, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი განვითარება მოვახერხეთ. პროგრესის თვალსაზრისით, ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველო კორუფციასთან ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი ქვეყანაა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მსოფლიოში ნომერ პირველი ეკონომიკური რეფორმატორი სახელმწიფო ვართ. ევროკავშირის გამოკვლევების თანახმად კი, ისლანდიის შემდეგ, ჩვენ მეორე ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ ევროპაში. რა თქმა უნდა, ქართული რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანი ბრენდია ამ რეგიონის ქვეყნებისთვის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა პოლონელ კოლეგასთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე.
ამავდროულად, მისი თქმით, ის დიდი აღფრთოვანებით ადევნებს თვალს პოლონეთის განვითარებასაც.
"მინდა ვთქვა, რომ ევროპის ქვეყნებს შორის მსოფლიო კრიზისს ყველაზე კარგად პოლონეთმა გაუძლო და ეს სწორედ პოლონეთის დღევანდელი მთავრობის მიერ გახორციელებული რეფორმების პირველი შედეგი იყო. ჩვენ კი ამ რეფორმებს დიდი ყურადღებით ვსწავლობთ. ასევე, არ შემიძლია აღფრთოვანება არ გამოვხატო იმ საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გამო, რომელიც პოლონეთმა ბოლო წლებისა და თვეების განმავლობაში გადადგა, პირადად პოლონეთის პრეზიდენტის ძალისხმევის გამო, ევროპაში პოლონეთის რეპუტაციის ამაღლებისა და პოზიციის გაძლიერების საქმეში. ძლიერი პოლონეთი - ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი წევრი - გადამწყვეტ როლს ასრულებს რეგიონში ყველა სხვა ქვეყნისთვის, რომლებსაც ევროატლანტიკური ასპირაცია აქვს.
ვფიქრობ, ახლა პოლონეთის პრეზიდენტისა და მისი დღევანდელი მთავრობის ძალიან საინტერესო მოქმედების შედეგად, საშუალება გაჩნდა, პოლონეთი მართლაც ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გახდეს. დიდი ინტერესით ველოდებით სამიტს, რომელიც სექტემბერში ვარშავაში გაიმართება, რომელზეც, იმედია, გამოხატავენ ამ რეგიონის ქვეყნების შემდგომი ევროპული ინტეგრაციისა და ევროპული მომავლის პერსპექტივის ნებას", - აღნიშნა სააკაშვილმა.