საქართველოს პრეზიდენტის აზრით, ბელორუსის იზოლაცია კონტრპროდუქტიული და დაუშვებელია.
"დიდი ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას ბელორუსში. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რა პრობლემების წინაშე დგას ეს ქვეყანა, მაგრამ, ამავე დროს, ისიც კარგად ვიცით, რომ იმის მტკიცება, თითქოს რუსეთი უფრო დემოკრატიულია, ვიდრე ბელარუსი - აბსურდია", - განაცხადა სააკაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე.
მისივე განმარტებით, რუსეთისგან განსხვავებით, ბელორუსი არ ახორციელებს მეზობელი ქვეყნების ოკუპაციას.
"ბელორუსთან იზოლაციის პოლიტიკის წარმოება კი, როგორც ეს ხდება-ხოლმე, არის პირდაპირი მცდელობა იმისა, რომ ბელორუსიის სუვერენიტეტი დასრულდეს და ქვეყანა მოექცეს რუსეთის დღევანდელი მთავრობის სრული კონტროლის ქვეშ. ეს დაუშვებელია და კონტრპროდუქტიული ევროპის გრძელვადიანი განვითარებისათვის. ეს არის ძალიან ნიჭიერი ევროპელი ერი და მსგავსი შედეგი საზიანო იქნება მთელი რეგიონისთვის. მიმაჩნია, რომ, როგორც არასდროს, აუცილებელია დიალოგის წარმოება და ყველა იმ საკითხზე ღიად საუბარი, რომელიც ყველა ჩვენგანის დიდ ინტერესს და, ამავდროულად, შეშფოთებას იწვევს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.