აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირება რუსეთის ინტერესებში შედის.
ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა აზერბაიჯანის ვიცე პრემიერ-მინისტრ ალი გასანოვის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.
"რუსეთმა, თავის დროზე, სერიოზული წვლილი შეიტანა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გაღვივებაში, მაგრამ, გარდა რუსული სცენარისა, ამ კონფლიქტს სხვა განზომილებაც გააჩნია. თუმცა, აფხაზურ-ცხინვალურ ამბებში რუსული ხელი თუ აბსოლუტურად გადამწყვეტია, ყარაბაღში ცოტა რთულად არის საქმე. რუსეთს აწყობს ამ ორი სამხრეთ კავკასიური ქვეყნის დაპირისპირება, რადგან პუტინის მთელი კონცეფცია რუსეთის გავლენის მოპოვებასთან დაკავშირებით სწორედ ასეთ დაპირისპირებებზეა აგებული", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
მისივე შეფასებით, ყარაბაღთან დაკავშირებით ორი სახელმწიფო, თავის შესაძლებლობებით, საგარეო კავშირებითა თუ მატერიალური შესაძლებლობებით არის დაპირისპირებული.
"რუსეთმა რომ მოინდომოს მართლა კონსტრუქციულად თამაში, საქმეს წაადგება. მეტი გზა ექნება ევროკავშირს, აშშ-ს ჩაერიონ ამ საქმეში და რაღაც კომპრომისები გამოინახოს", - აღნიშნა დეპუტატმა და აქვე იმედი გამოთქვა, რომ გასანოვის განცხადება უფრო განგაშის ზარების შემოკვრას ემსახურება.
"იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა და ადგილობრივი პოლიტიკოსები _ ბაქოსა და ერევანში რაღაც ნაბიჯებს გადადგამენ ამის მოსაგვარებლად", - დასძინა დარჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის ვიცე პრემიერ-მინისტრმა ალი გასანოვმა ერთ-ერთ თურქულ გამოცემას ინტერვიუ მისცა, სადაც აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების პროცესის არსებულ კალაპოტში გაგრძელების შემთხვევაში აზერბაიჯანი ომს გამოაცხადებს.