საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოსლოს ცენტრში მომხდარი აფეთქებისა და ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდულ ბანაკზე განხორციელებული შემზარავი თავდასხმის შედეგად ათეულობით ადამიანის დაღუპვისა და ასზე მეტი მოქალაქის დაშავების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას, რომელსაც ადამიანთა მასობრივი მსხვერპლი მოჰყვება.
ნორვეგიელი ხალხისათვის ამ მძიმე წუთებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს თანადგომას დაღუპულთა ოჯახებისა და დაშავებულთა მიმართ და გამოთქვამს იმედს, რომ ამ ბარბაროსული აქტის ყველა ორგანიზატორი და მონაწილე გამოვლენილი და სათანადოდ დასჯილი იქნება", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კუნძულ უტოიაზე მდებარე ახალგაზრდულ ბანაკში ორი ქართველი იმყოფებოდა, მათ შორის ერთის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობი რჩება.