საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს ნორვეგიაში მომხდარი ტერაქტების გამო ოსლოსა და უტოეიაში მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნორვეგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს იენს სტოლტენბერგს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
მიხეილ სააკაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით, სამძიმარს უცხადებს ნორვეგიელ ერს და ყველა იმ ოჯახს, რომლებმაც ამ ბარბაროსული აქტის შედეგად ახლობლები დაკარგეს.
„ეს საშინელი სისასტიკე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ტერორიზმი დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება და ამ პრობლემის გადასაჭრელად, უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, რათა სტაბილურობა და მშვიდობა უზრუნველვყოთ მთელ მსოფლიოში", - აღნიშნულია წერილში.