დღეს, ბათუმში ვიცე პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძისა და საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ევროკომისიის საშინაო საქმეთა დირექტორატის გენერალურ დირექტორ სტეფანო მანსერვისის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალური თემები, მათ შორის, კანონის დაცვის, უსაფრთხოებისა და მიგრაციის სფეროში საქართველოში მიმდინარე წარმატებული რეფორმები. ყურადღება გამახვილდა საზღვრის ინტეგრირებული მართვის, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, სამგზავრო და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების დაცულობის, მონაცემთა ერთიანი ბაზისა და მიგრაციის მართვის მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე და აღნიშნული რეფორმების შემდგომში გაგრძელების მნიშვნელობაზე.
აღინიშნა სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის ხელშეკრულებების სრულფასოვნად განხორციელების მნიშვნელობა. ხაზი გაესვა იმ დარღვევებს, რომლებსაც ადგილი აქვს ზოგიერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნის საკონსულო სამსახურების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების მიმართ შენგენის ვიზის მიღების ახალი ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებისას. ევროპულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრას საქართველოს მოქალაქეებისათვის მომავალში მსგავსი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით.
შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის პერსპექტივასა და ამ მიზნით კონკრეტული სამოქმედო გეგმის უკვე მომავალ წელს შემუშავების შესაძლებლობაზე. საუბარი შეეხო, ასევე, ევროკავშირთან „პარტნიორობა მობილურობის" ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობას, ევროკავშირის ქვეყნებში ქართველ მიგრანტთა ლეგალურად დასაქმებისა და მათი უფლებების ადექვატურად დაცვის საკითხებს.
გიორგი ბარამიძისა და სტეფანო მანსერვისის ორმხრივი შეხვედრა ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა" ფარგლებში გაიმართა, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით მერვედ ტარდება.