მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი წალენჯიხის რაიონის დაბა ჯვარში, ახლადგახსნილ პარტიულ ოფისში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის ოფისიდან აცნობეს, ღონისძიებაში აგრეთვე, მოძრაობის გამგეობის წევრი ვახტანგ (ლოთი) ქობალია, მოძრაობის ჯვრის ოფისის ხელმძღვანელი სოსო ენგურელი, ასევე პარტნიორი ორგანიზაცია "ქრისტიანული საქართველოს" ლიდერი ავთო დავითაიაც მონაწილეობდნენ.
სოსო ენგურელმა საზოგადოებას მოუწოდა, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და არ დაუშვან მისი შედეგების გაყალბება. თავის ხმრივ, ლოთი ქობალიას განცხადებით, სააკაშვილის რეჟიმის შესაცვლელად მოსახლეობა მხარში უნდა ამოუდგეს ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკურ მოძრაობას. რაც შეეხევა ავთანდილ დავითაიას, მან თავის გამოსვლაში დაბა ჯვარის "სტრატეგიულ" მნიშვნელობაზე ისაუბრა.
თავად პარტიის ლიდერმა კი დეტალურად განუმარტა შეკრებულებს თავისი პოლიტიკური მოძრაობის მიზნები და ამოცანები. მისი თქმით, პირველი რიგის ამოცანა თავად ქართველებს შორის ეროვნული თანხმობის მიღწევაა.
"ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს საქართველოს გასაერთიანებლად და ჩვენ აუცილებლად გავაერთიანებთ საქართველოს", - განაცხადა მოძრაობის ლიდერმა, რომელმაც თავის გამოსვლაში რუსეთში გამართული სამი ვიზიტის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
ამასთან, ნოღაიდელის თქმით, პირადად ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და მხოლოდ კოორდინაციას გაუწევს საარჩევნო პროცესს. ზურაბ ნოღაიდელი თხოვნით მიმართავს საზოგადოებას, რომ არჩევნების გზით თვითონ აიღონ ხელში ძალაუფლება. მან, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ დაუშვებს ხელისუფლების მხრიდან არჩევნების შედეგების გაყალბებას.
დაბა ჯვარში დამფუძნებელი კონფერენციის დასრულების შემდეგ ზურაბ ნოღაიდელი უშულაოდ გაესაუბრა შეხვედრის მონაწილეებს და მათ შეკითხვებს უპასუხა.