უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ისრაელის მიერ საქართველოს სახიფათო ქვეყნების სიაში კვლავ შეყვანას დაკავებულ ებრაელ ბიზნესმენებს და კონკრეტულად იმას უკავშირებს, რომ მათი გათავისუფლების კუთხით ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებებში თელ-ავივი პროგრესს ვერ ხედავს.
"დავსვათ ლოგიკური შეკითხვა: საერთოდ რატომ შეგვიყვანა ისრაელმა სახიფათო ქვეყნების სიაში და მერე რატომ გამოგვიყვანა? აშკარაა, რომ ეს ისრაელსა და საქართველოს შორის წარმოქმნილ კონფლიქტს უკავშირდება, რომელიც ებრაელი ბიზნესმენების დაკავების შემდეგ გაჩნდა. სავარაუდოდ, საქართველოს ხელისუფლებასთან ისრაელის მხრიდან ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც ჩანს, რიგ შემთხვევაში აღწვეენ გარკვეულ შედეგს, რიგ შემთხვევაში ვერა და სწორედ იმის მიხედვით, თუ როგორ თამაშობს შეთანხმების შკალა, ისრაელი ხან ყვითელ ბარათს გვიჩვენებს, ხან წითელ ბარათს", - განუცხადა სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე განმარტებით, ისრაელის მიერ საქართველოს სახიფათო ქვეყნების სიაში დაბრუნება სხვა მიზეზით არ შეიძლება აიხსნას, რადგან ბოლო პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში ვითარება არ შეცვლილა და არც ისრაელის სხვა მოქალაქეების მიმართ ჰქონია კრიმინალურ ფაქტებს ადგილი.
"არაფერი შეცვლილა ისეთი, რამაც შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ საქართველოში უსაფრთხოების რისკ-ფაქტორი გაიზარდა, ისრაელის რომელიმე მოქალაქე სცემეს, ან მოკლეს, თალიბები ან გარკვეული ექსტრემისტული მუსულმანური ჯგუფები გამოჩენილიყვნენ... Aარ არის ასე. რაც იყო გუშინ, ის არის დღეს. ჩვენ ამას ვხედავთ და ისრაელის სპეცსამსახურები კიდევ უფრო კარგად ხედავენ, რადგან მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან. ამიტომ ეს ყველაფერი უკავშირდება კონფლიქტს, რომელიც ებრაელი ბიზნესმენების დაკავებით დაიწყო", - აღნიშნა ექსპერტმა.
შეგახსენებთ, რომ ისრაელმა საქართველო საშიში ქვეყნების სიაში კვლავ შეიყვანა. ის თავის მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს. "თუ აუცილებლობის შემთხვევაში მაინც გადაწყვეტთ ამ ქვეყნებში ვიზიტს, გირჩევთ მაქსიმალური სიფრთხილე და დაკვირვება გამოიჩინოთ", - ნათქვამია ისრაელის ანტიტერორისტული შტაბის განცხადებაში.