დღეს, 22 ივლისს, 19:00 საათზე, ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge და წიგნის მაღაზია „დიოგენე" წარმოადგენს მულტიმედია არტჯგუფ „STIGMAT"-ის 4 უახლესი მინიარტფილმის (Film's poetry) პრემიერას. ასევე "STIGMAT"-ის რამდენიმე ახალ ფილმს.
არტჯგუფის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, არტისტი გიორგი ბუნდოვანი ისაუბრებს ჯგუფის მუშაობის სტილზე, კონცეფციასა და ხედვაზე.
ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, პრემიერაზე დასწრება თავისუფალია.
როგორც გიოგი ბუნდოვანმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ანდერგრაუნდის მულტიმედია შემოქმედებითი არტჯგუფი "სტიგმატი" ჯგუფის ფორმით 2006 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფი ჩამოაყალიბა პოეტმა, მულტიმედია არტისტმა გიორგი ბუნდოვანმა. ამჟამად ჯგუფის ძირითად შემადგენლობაში არიან არტისტები: გიორგი ბუნდოვანი, მიხეილ გისტი, მარიკა ჟორჟოლიანი.
მისი განცხადებით, ფილმების გადაღება და მონტაჟი ხდება გამიზნულად, დაბალი ტექნოლოგიით ანუ დაბალი ხარისხით და კუსტარული ტექნიკით, რაც თავისებურ ეფექტსა და ხიბლს ქმნის. ამგვარი ტექნოლოგიით გადაღებულ ფილმებს "დაბალი რეზოლუციის ფილმებს" უწოდებენ და ამ მეთოდს მსოფლიოში მრავალი ცნობილი რეჟისორი მიმართავს (გადაღება ხდება მობილური ტელეფონით, ზოგჯერ ძველი 8-მილიმეტრიანი კინოკამერით). ბუნდოვანმა ძველი ფილმების დიდი ნაწილი გადაამუშავა, დახვეწა და უკვე რამდენიმე ახალიც გადაიღო.
"მსგავს კინომიმდინარეობაში, ყოველ შემთხვევაში საქართველოში, მგონი არავინ მუშაობს და ამითაცაა "სტიგმატის" ფილმები ორიგინალური და საინტერესო. ამ ანდერგრაუნდის მინიარტფილმების კონცეფცია დამყარებულია არაფორმალობის მუდმივ განცდასა და ამის დემონსტრირებაზე. ფილმები იქმნება სპონტანურად, წინასწარ დაწერილი სცენარების გარეშე, გამომდინარე გადაღებების ადგილმდებარეობიდან და არტისტების შინაგანი განწყობიდან, მხოლოდ ჩვენი მოკლე არტისტული მითითებებისა და სპონტანური არტიდეების გათვალისწინებით, ასევე სხვა არტისტების იდეებისაც. ძირითადად, კრეატიულ ბაზისზე", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გიორგი ბუნდოვანმა.