აგვისტოში პარლამენტის ბიუროს რიგგარეშე სხდომა იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალი საპარლამენტო ფრაქციის "ერთობა სამართლიანობისთვის" მდივანმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განუცხადა.
მისი თქმით, სარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას ხელისუფლება აგვისტოში გეგმავს.
"მაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას აგვისტოში ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე გეგმავს, რომელიც პარლამენტში დეპუტატების რაოდენობის 190-მდე გაზრდას შეეხება", - აღნიშნა დეპუტატმა.
ამასთან, ლორთქიფანიძე არ გამორიცხავს, რომ ბიუროს შემდეგ პარლამენტის რიგგარეშე სესიაც დაინიშნოს.
კულუარული ინფორმაციით კი, ბიუროს და სესიის რიგგარეშე სხდომების თარიღად 6-7 აგვისტო სახელდება.