საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმ ქართველ ჟურნალისტებს აკრიტიკებს, რომლებიც ქვეყნის აღმშენებლობას ვერ ხედავენ და მათ "რუსეთის მიერ საქართველოში ჩამოყალიბებულ მონის კლასიკურ არქეტიპად" მოიხსენიებს.
"მინდა გიჩვენოთ და წაგიკითხოთ, თუ რას წერენ ქართველები საქართველოს განვითარებაზე - ეს საგანგებოდ ამოვიღე ერთ-ერთი მცირეტირაჟიანი ფერადი ჟურნალიდან: „კიჩია ის მიდგომა, რომლითაც ჩვენ აღმაშენებლის გამზირის - პარიზად, ან მესტიის - შვეიცარიად ქცევად ვაპირებთ. რამდენი მანსარდიც არ უნდა დაადგან აღმაშენებლის გამზირს, არ გამოვა მისგან პარიზი. სულ რომ ათობით პიაცა ჩადგან ჩვენს ძველ, ნესტიან, „კოფე"-თი გაჟღენთილ ბათუმში, არ გამოვა მისგან არც ნიცა და არც რომი. ან ვის რად უნდა შენი კიჩი და ეს არქიტექტურული ბიჟუტერია. ამ კიჩის სანახავად მე თვითონ უარს ვამბობ სიღნაღში სიარულზე". ამაზე ერთადერთი პასუხია: ვაი, შენს პატრონს! არაფერს ვამბობ ამის დამწერის გონებრივ შესაძლებლობებზე - ნამდვილად არ მინდა ვინმე გავაკრიტიკო, მაგრამ მას ხომ ჰგონია საკუთარი თავი ძალიან განათლებული, ის არის კლასიკური არქეტიპი რუსეთის მიერ ჩამოყალიბებული მონისა საქართველოში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში, სასტუმრო "რედისონის" გახსნისას.
ქვეყნის პირველი პირის აზრით, იმ ფსიქოლოგიას, რომ "ჩვენ ვართ ყველაზე უბედურები, ყველაზე ჩამორჩენილები, ყველაზე მახინჯები, ყველაზე გამოუსწორებლები და ჩვენგან არაფერი არ გამოვა," „რედისონისა" და „შერატონის" მსგავსი სასტუმროების მშენებლობა ანგრევს.
"მთელ ამ ფსიქოლოგიას ანგრევს ის აღმშენებლობა, რომელიც დღეს საქართველოში მიმდინარეობს. მონის ფსიქოლოგია ირღვევა ყოველივე ახალით საქართველოში, ამ აღმშენებლობით, რომელიც არის ბათუმში", - აღნიშნა სააკაშვილმა.