ხვალ, 21 ივლისს, საქართველოს ბოლივუდის პროდუსერთა დელეგაცია, უკვე მეორედ ეწვევა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მათი ვიზიტის მთავარი მიზანია დაამყარონ ურთიერთობები კინოინდუსტრიის სფეროში მოღვაწე ქართულ კომპანიებთან, ჩაატარონ კასტინგი, დაათვალიერონ კინოგადაღებისათვის საინტერესო ადგილები, რათა შედგეს მოსამზადებელი სამუშაობი ცნობილი ინდური ბლოკბასტერის, განსტერული-ტრილერის "BILLA 2" გადასაღებათ 2011 წლის შემოდგომაზე.
სამინისტროს ინფორმაციით, ბოლივუდის დელეგაცია 21 ივლისს, გამთენიისას, 03.15 საათზე, დუბაი_თბილისის რეისით ჩამოვა. სტუმრებს აეროპორტში ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლები დახვდებიან.
დელეგაციის წევრები არიან ინდოეთში მოღვაწე ცნობილი პროდუსერები, რომლებსაც გადაღებული აქვთ 20 ფილმი, სატელევიზიო სერიალები და არაერთი სარეკლამო რგოლი.
ვიზიტის დროს იგეგმება შეხვედრები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან, საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსთან და კინოცენტრთან.
შეგახსენებთ, რომ იანვარში საქართველოში ბოლივუდის პროდიუსერები უკვე იმყოფებოდნენ. მაშინ ინდოელ პრედიუსერებთან შეხვედრის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ბოლივუდისთვის საზღვარგარეთის ქვეყნებში ფილმების გადაღება პრიორიტეტული გახდა. მინისტრი აცხადებს, რომ ბოლივუდი საქრთველოში იმავე საგადასახადო რეჟიმით ისარგებლებს, როგორც სხვა ნებისმერი უცხოელი ინვესტორი.
"ჩვენ მათ იგივე საგადასახადო პირობებს ვთავაზობთ, თუმცა მაქსიმალურად დავეხმარებით ინფრასტრუქტურის მხრივ. ყველას კარგად გახსოვთ, როდესაც საქართველოში ამერიკული ფილმის გადაღება მიმდინარეობდა, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომს შეეხებოდა, საქართველოს მთავრობა ამერიკელ პროდიუსერებს მაქსიმალურად დაეხმარა ინფრასტრუქტურის მოძიებაში და ეს პროცესი მათთვის საკმაოდ იაფი დაჯდა",- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ინდოელი პროდიუსერები ამბობენ, რომ საქართველოში ძირითადად ტრილერებისა და ექშენების გადაღებას გეგმავენ და სათანადო სცენარებიც უკვე არსებობს.
2010 წლის ნოემბერში ქართული დელეგაციის ინდოეთში ვიზიტისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალიას ინდური კინოს ცნობილ ვარსკვლავს, ამირხანს ესტუმრა. ამირხანმა საქართველოში ჩამოსვლისა და მისი მონაწილეობით ფილმის გადაღების მზადყოფნა გამოთქვა.