საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ორ კურორტს სტუმრობდა. ქვეყნის პირველმა ჯერ სვანეთში, მესტიის ახალი სათხილამურო ტრასა გამოსცადა, რამდენიმე საათში კი ბათუმში ჩავიდა და მყვინთავებთან ერთად რამდენიმე მეტრის სიღრმეში ჩაყვინთა.
მესტიაში პრეზიდენტმა უშბას პლატოდან დაშვება მსოფლიოში ცნობილ მოთხილამურე ალბერტო ტომბასთან ერთად განახორციელა, რომელიც საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობს.
თხილამურებით სრიალის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა რაიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და აღნიშნა, რომ ორ თვეში მესტიის ცენტრში ისეთივე პიაცა გაიხსნება, როგორიც ბათუმშია.
"მესტია გახდება ძალიან ბევრი ტურისტის ადგილი, მაგრამ აქ დასვენება და ღამით გაჩერება უნდა იყოს იაფი სტუდენტისთვის, ახალგაზრდებისთვის, ქართველისა და უხოელისთვის. ყოჩაგ ქობალაიას. Aქ ამ პროექტის გაკეთება მისი იდეა იყო", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
რაც შეეხება აჭარას, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საქართველოს საზღვაო კურორტები ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, რადგან "ჩვენთან წყალი ყველაზე უმარილო, მსუბუქი და უსაფრთხოა".
"დღეს 4 ათას მეტრზე ვისრიალეთ და შემდეგ ჩავყვინთეთ ზღვის ფსკერისკენ. კიდევ რომელ ქვეყანაში შეიძლება ერთ დღეში ამის გაკეთება? ასეთი წყალი არაა არსად - ასეთი სუფთა, უმარისო და მსუბუქი. განსაკუთრებით კვარიათი და გონიოა ერთ-ერთი საუკეთესო და უსაფრთხო წყალი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.