მინსკის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში საქართველო "აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში" ბელორუსთან ერთად აღარ დარჩება.
როგორც WikiLeaks -ი წერს, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თინა ქეიდენაუს, 2009 წლის 25 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე განუცხადა, რომლის ჩანაწერსაც აღნიშნული გამოცემა აქვეყნებს.
"სააკაშვილმა უთხრა ქეიდენაუს, რომ თუ ბელორუსი გადაწყვეტდა აღიარებას, საქართველო ვეღარ შეძლებდა მისნკთან მუშაობას ევროკავშირის ახლადშექმნილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის" ფარგლებში. თუ ევროკავშირი არ გააძევებდა ბელარუსს "აღმოსავლეთ პარტნიორობიდან", მაშინ საქართველოს მოუწევდა მისი დატოვება", - წერს გამოცემა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული განცხადების საპასუხოდ ქეიდენაუმ სააკაშვილს ევროკავშირთან ახლო კოორდინაციისკენ მოუწოდა და ურჩია არ განეხორციელებინა ნაჩქარევი ქმედებები, რაც კონტრპროდუქტიული იქნებოდა და საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებს დააზიანებდა.