ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ეკონომიკური განვითარების მთავარ დაბრკოლებად არა რუსეთისგან მოსალოდნელ საფრთხეებს, არამედ კანონის უზენაესობის კუთხით არასაკმარის პროგრესს მიიჩნევს. ამის შესახებ WikiLeaks--ი წერს, რომელიც მორიგ საიდუმლო ჩანაწერს აქვეყნებს. საუბარია, 2009 წლის სექტემბერში აშშ-ის საქართველოს საელჩოდან ვაშინგტონში გაგზავნილი წერილზე, რომელშიც აღწერილია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, თინა ქეიდენაუს საუბრის შინაარსი.
წერილის მიხედვით, ქეიდენაუმ საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხელისშემშლელ პირობად კანონის უზენაესობის კუთხით არასაკმარისი პროგრესის გარდა შიდაპოლიტიკური, არასტაბილური სიტუაციაც დაასახელა.
WikiLeaks-ი იმასაც წერს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ქეიდენაუს საპასუხოდ აღნიშნა, რომ "რეფორმები პროცესია, რომელიც მუდმივად მიმდინარეობს".
"სააკაშვილმა თქვა, რომ საქართველოს ჰყავს ახალგაზრდა, ამბიციური მოსამართლეები, რომლებსაც კარგი ანაზღაურება აქვთ, მაგრამ ჭირდებათ უფრო მეტი განათლება და დასავლეთთან ინტეგრირება, რათა გააუმჯობესონ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა. მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტი აღარ მონაწილეობდა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში", - წერს გამოცემა.
გამოცემის ინფორმაციითვე, ამავე შეხვედრაზე, რომელიც 2009 წლის 25 სექტემბრით თარიღდება. ქეიდენაუმ ყურადღება ქართული მედიის მუშაობის ხარისხზეც გაამახვილა და დაინტერესდა, რა შეუძლია გააკეთოს შეერთებულმა შტატებმა მისი გაძლიერებისთვის.
"სააკაშვილმა თქვა, რომ ფუნდამენტური პრობლემა ის არის, რომ ჟურნალისტებმა არ იციან ინგლისური ენა და ამიტომ, ძალიან შეზღუდული არიან თავიანთ საქმიანობაში. მან ასევე განაცხადა, რომ ქართველ ჟურნალისტებს ძირეულად არასწორად ესმით თავისუფალი პრესის როლი, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ დასავლეთთან შემდგომი კონტაქტები ამ პრობლემის მოგვარებას დაეხმარება. მან აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციების დროს ოპოზიცია დაემუქრა ჟურნალისტებს. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ადრინდელი მისი თხოვნა, აშშ-ის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ინგლისური ენის ტრეინინგებთან დაკავშირებით", - წერს გამოცემა.