ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის რიგით მე-4 შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი.
"სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მხარეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ავღანეთის ISAF -ის ოპერაციაში და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი; აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში; ორმხრივი თანამშრომლობა ნატოს ფარგლებში და ალიანსში საქართველოს გაწევრიანების საკითხები; რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობა; 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მდგომარეობა და უსაფრთხოებასა და თავდაცვასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. მიღწეულ პროგრესს მხარეები განიხილავენ შემაჯამებელ (ე.წ. ომნიბუს) შეხვედრაზე, რომელიც 2011 წლის შემოდგომაზე გაიმართება", - ნათქვამია გრიგოლ ვაშაძის უწყების განცხადებაში.
ქართული დელეგაცია უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფისაგან შედგებოდა და მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ ხარშილაძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური და საინფორმაციო დეპარტამენტის დირექტორი შოთა უტიაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
ამერიკული მხრიდან შეხვედრის თანათავმჯდომარეები აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწე ალექსანდრ ვერშბოუ და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკ რუბინი იყვნენ.