დაკავებული ფოტოგრაფების თავდებით გათავისუფლება გამოძიების მსვლელობას ხელს შეუშლის. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან დაკავებულების გამოშვების შემთხვევაში თავდებად ჩადგომის შეფასებისას აღნიშნა.
"ეს არის გამოძიების დეტალები, პროკურატურა ამბობს, რომ მათი თავდებში გათავისუფლება ძიებას ხელს შეუშლის. ეს საქმე პროკურატურას აქვს და უნდა დავასკვნათ, რომ ხელს შეუშლის. ძალიან მძიმე ბრალდებაა, მძიმე დანაშაული, რომელიც დაკავშირებულია ინფორმაციასთან, მოწმეებთან და შეიძლება ეს იყოს გამოძიებისთვის ხელისშემშლელი", - აღნიშნა მინაშვილმა და აქვე დასძინა, რომ ეს პროკურატურის და სასამართლოსი დისკრეციაა.
შეგახსენებთ, რომ "ქრისტიან-დემოკრატებმა" და პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ჯონდი ბაღათურიამ, კარლო კოპალიანმა, პეტრე მამრაძემ სურვილი გამოთქვეს დაკავებული ფოტოგრაფების თავდებში ჩადგომასთან დაკავშირებით.