31 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონის სოფელ მირზაანში, სადაც ნიკო ფიროსმანაშვილი დაიბადა, ფიროსმანობა აღინიშნება. სოფლის მოსახლეობა, პროტესტის ნიშნად, ღონისძიების ჩაშლას აპირებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო
ცენტრიდან აცნობეს.
მირზაანის მოსახლეობის პროტესტი სოფელში საჯარო სკოლის გაუქმებას უკავშირდება. ადგილობრივებმა სკოლის აღდგენის მოთხოვნით განათლების სამინისტროს, კახეთის გუბერნატორს, ადგილობრივ გამგეობას, მაჟორიტარ დეპუტატს და საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. უნდა აღინიშნოს, რომ სკოლის გაუქმების შემდეგ მირზაანი ათობით ოჯახმა დატოვა და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ნიკო ფიროსმანის სახლ – მუზეუმის დირექტორმა ანზორ მაძღარაშვილმა განაცხადა, მისთვის ცნობილია, რომ სოფლის მოსახლეობა ფიროსმანობის ჩაშლას გეგმავს. `ხალხი არ ტყუის. ფიროსმანის მუზეუმი რომ სიღნაღში გადაიტანეს და მირზაანში მარტო სახლი დატოვეს, არც ეგ იყო სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ არავინ არაფერს გვეკითხება. რაც ნიკალას მუზეუმი სიღნაღში გააკეთეს, მირზაანში აღარავინ მოდის. მუზეუმის გაუქმებაც უნდოდათ, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ მოახერხეს~, - აღნიშნავს ანზორ მაძღარაშვილი.