პარლამენტის კიდევ ერთი ვიცე-სპიკერი ჯონდი ბაღათურია იქნება. აღნიშნულის შესახებ დღეს, პარლამენტში ახალი ფრაქციის "ერთობა სამართლიანობის" პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.
ახალი ფრაქციის თავმჯდომარის, გია ცაგარეიშვილის თქმით, ფრაქციის წევრებმა "ქართული დასის" ინიციატივას მხარი დაუჭირეს, შესაბამისად ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ჯონდი ბაღათურიას წარგენა მოხდა.
რაც შეეხება ფრაქციით თავმჯდომარეობის საკითხს, ის გარდამავალი იქნება და 5 თვის შემდეგ ცაგარეიშვილს დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ჩაანაცვლებს, რომელიც ახლა "ერთობა სამართლიანობისთვის" მდივანია, ხოლო თავმჯდომარის მოადგილე ხუთი თვით კარლო კოპალიანი დაინიშნა.
"ახალი ფრაქციის შექმნა 26 მაისის და ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა დააჩქარა", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა და აქვე დასძინა, რომ მათი პოლიტიკური გაერთიანება ერთობაზე დაფუძვნებულია, რომელიც პარლამენტში უმცირესობას არ შეუერთდება და დამოუკიდებელ ხაზს გაატარებს.
"ნაციონალურ მოძრაობას მოსვენებას არც პარლამენტში და არც პარლამენტს გარეთ არ მივცემთ", - აღნიშნა ახალი ფრაქციის თავმჯდომარემ.
ახალ ფრაქციაში "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია, "თავისუფალი დემოკრატების" წევრი გიორგი ცაგარეიშვილი, საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი თამაზ დიასამიძე, დამოუკიდებელი დეპუტატი პეტრე მამარაძე, დამოუკიდებელი კარლო კოპალიანი და ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე შედიან.