დღეს, საქართველოს ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები ეწვევიან. ამის შესახებ დღეს, ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თანათავმჯდომარეების ვიზიტი ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაინდის მოსამზადებელი სამუშაოებს უკავშირდება და ისინი ტრადიციულად, ადგილზე შექმნილ ვითარებას შესწავლიან.
ვიზიტის ფარგლებში ჟენევის მოლაპარაკებების წარმომადგენლები (პიერ მორელი - ევროკავშირი, ანტი ტურუნენი - გაერო და გედრიუს ჩეკუალესი - ეუთო) შეხვედრებს ქართულ მხარესთან გამართავენ.
"ჩვენი მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ამ ტერიტორიებიდან მომდინარე, საქართველოში დაგეგმილი ტერორისტული აქტების შესახებ საკითხი კვლავ დაისმევა, რომელთა გამოძიებაშიც საქართველო სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობას ითხოვს", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისივე თქმით, ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები 19 ივლისს ცხინვალის რეგიონში, 20 ივლისს კი აფხაზეთში ჩავლენ.
ჟენევის მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდი 4 ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი.