დღეს, 18 ივლისს, 13:00 საათზე, აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ჟურნალისტებს შეხვდებიან, რათა აშშ-ის სავიზო პროცედურებში შეტანილი ცვლილებები განმარტონ.
ცვლილებები ეხება საქართველოსათვის ახალი სავიზო კოდის მინიჭებას და საქართველოს მოქალაქეებისათვის გაცემული ვიზების მოქმედების ვადის გახანგრძლივებას. ახალი სავიზო კოდი GRZ-ის ნაცვლად GEO პირდაპირი შედეგია იმ რეკომენდაციების, რომელიც მხარეებმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის სამუშაო ჯგუფების შეხვედრებისას შეიმუშავეს.
აშშ-ის ელჩი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ისაუბრებენ საქართველოს მოქალაქეებისათვის გაცემული ვიზების გახანგრძლივებაზეც. 2011 წლის მაისიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტურისტული და ბიზნესვიზების (B1/B2), აგრეთვე საჰაერო ხომალდების ეკიპაჟთა და სატრანზიტო მრავალჯერადი შესვლის ვიზების (C1/D) მოქმედების ვადა 12 თვიდან 120 თვემდე გაახანგრძლივა.
არასაემიგრაციო ვიზების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს: www.travel.state.gov/visa საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების გახანგრძლივება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის, ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარებას, აგრეთვე საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამების განხორციელებას.